InvestMan Blog

საქართველოს საფონდო ბირჟა

Written by Ana Kirtskhalia | Jan 21, 2025 10:08:57 PM

საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) 1999 წლის 12 იანვარს USAID-ის მხარდაჭერით დაფუძნდა და მალევე, 2000 წლის მარტში, დაიწყო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცესები. ბირჟამ მალევე მოიპოვა ლიცენზია და პირველი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი საქართველოში.

საქართველოს საფონდო ბირჟა, ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ ორგანიზებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. ის ინვესტორებს სთავაზობს ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს საშუალებას აძლევს, ვაჭრობა განახორციელონ არა მხოლოდ სავაჭრო დარბაზიდან, არამედ დისტანციური წვდომით საბროკერო კომპანიების ოფისებიდან.

2016 წლის მონაცემებით, სსბ-ის სავაჭრო სისტემაში 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული, საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით 0.653 მილიარდი დოლარი, ხოლო დღიური ბრუნვა 35.20 ლარია. თუმცა, წლების მიხედვით გარიგებების რაოდენობა და მოცულობა სერიოზულად მერყეობს. 2007 წლამდე გარიგებების რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა, მაგრამ შემდეგ ეს ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა. მაგალითად, 2007 წელს გარიგებების რაოდენობა 6908-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს ეს რიცხვი 131-მდე დაეცა.

2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სსბ-ის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 2.243 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2024 წლის მარტის თვეში - 2 224 ლარი.

ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ფიზიკურად არსებობს, მაგრამ მისი გავლენა ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე მიზერულია. ბირჟა ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ბაზრისთვის ლიკვიდობის მნიშვნელოვან წყაროს და ამ კუთხით სერიოზული გამოწვევები დგას.

განვითარებულ ქვეყნებში კაპიტალის ბაზარი უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელია, როგორც დამზოგველებისა და ინვესტორების დამაკავშირებელი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს მსგავს ქვეყნებში კი კაპიტალის ბაზრის დაბალი განვითარება კიდევ უფრო აძნელებს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას. მოქალაქეების უმრავლესობა დანაზოგებს დაბალპროდუქტიულ არხებში აბანდებს, როგორიცაა უძრავი ქონება ან ძვირფასი ლითონები, რაც დამატებით აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.